ზაირა ნადირაშვილი
შემოქმედება: ფოტოგრაფია, ფერწერა, პერფორმანსი, ინსტალაცია, გეშტალფსიქოლოგია და სხვა.
გამოფენები: ჯგუფური და პერსონალური გამოფენები თბილისსა და ბათუმში.
რას ნიშნავს თქვენთვის ხელოვნება?
რადგან მე თვითონ ხელოვანი ვარ, ჩემთვის ხელოვნება არის ერთ-ერთი სფერო, რომლის მეშვეობითაც შემიძლია გამოვხატო სხვადასხვა ემოციური მდგომარეობა, ჩემი სხვადასხვა სააზროვნო შრეები, ჩემი პიროვნული მახასიათებლებიც ძალიან კარგად ჩანს ჩემს შემოქმედებაში. ხშირ შემთხვევაში, სიმართლე რომ ვთქვა და გულწრფელი რომ ვიყო, მიფიქრია იმაზეც, რომ საერთოდ გაუცნობიერებლად ვაკეთებ ბევრ ჩემს პერფორმანსსა თუ ნახატის სიუჟეტს, როდესაც ესკიზის სახით ვმუშაობ. საკმაოდ გაუცნობიერებელი და ამოუცნობი ფენომენია ჩემთვის ხელოვნება და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა კაცობრიობის ისტორიაში. ფაქტიურად, ხელოვნება და შემოქმედებითობა არის ის, რამაც განავითარა ადამიანის ცნობიერება, მიზანსწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ, ხელოვნება და შემოქმედებითობა არის ის ყველაფერი რაც ავითარებს ადამიანს.
შეგიძლიათ აღწეროთ ერთი ნამუშევარი თქვენი შემოქმედებიდან, რომელმაც მნიშვნელოვნად იმოქმედა თქვენს ცხოვრებაზე?
ჩემი ნამუშევარი, რომელიც არის ჩემთვის ყველაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი და რომელიც მე დავხატე 2018 წელს, არის „განბანვა“. ნამუშევარი, რომელიც ჩემი აზროვნების და ხასიათის აბსოლუტურად იდენტური მატარებელია. აი, ფაქტიურად რომ გააკეთო რაიმე ხილისგან ფრეში - ზაირასგან რომ გააკეთო ფრეში, არის ის ნახატი რასაც ქვია „განბანვა“. ის სტადია, რომელიც ამ ნახატთან პირდაპირ მიმართებაში იყო ასახული ჩემს ჩხოვრებაში, ძალიან მნიშვნელოვანი გარდასახვის, გარდატეხისა და ტრანსპერსონალური განვითარების სტადია იყო, ამიტომ ძალიან დიდი კვალი დატოვა ამ ნახატმა ჩემს შემოქმედებაში და ფაქტიურად ამ ნახატის ირგვლივ ტრიალებს ჩემი ყველაფერი დანარჩენი, რაც კი ამ ნახატის მერე შემიქმნია და ვაკეთებ.
რას ნიშნავს იყო ხელოვანი ქალი?
სხვათაშორის, მე ცოტა ამბივალენტური პასუხი მექნება - მე საერთოდ არ განვსაზღვრავ ხელოვნებაში ფემინურ და მასკულინურ მახასიათებებს. არის ისეთი ხელოვანი ადამიანები და ხელოვნება, რომელიც ხაზს უსვამს ამ ფემინურ საწყისებს. ჩემი შემოქმედების შემთხვევაში, მახსოვს ერთ-ერთმა მხატვარმა ქალმა მითხრა, რომ ჩემი მხატვრობა არ იყო ქალის მხატვრობა და ვერ იტყოდი, რომ ქალის ნახატებიაო. მე საერთოდ ასეთი განსაზღვრა ამ სფეროში არ მიმაჩნია სწორი. ნახატის უკან ქალი დგას თუ კაცი, მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, რომ ნახატის შინაარსი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქალის და კაცის ესე გამიჯნულად განსაზღვრა. მე ვთვლი, რომ შემოქმედებაში ეს საზღვარი საერთოდ იშლება და რჩება მხოლოდ პიროვნება, პიროვნების მახასითებლები და პიროვნების ის მოცემულობა და ის შინაარსები, რომლებიც მის შემოქმედებაში არის აქტუალური. და თუ ისტორიული მონაცემებით განვსაზღვრავთ და ესე ვთქვათ, ფაქტის წინაშე ვაყენებთ საკითხს, იმის გამიჯვნა ხელოვანი ადამიანი ქალია თუ კაცი, ცოტა „ვიწრო ხედვად“ მიმაჩნია. ჩემთვის მთავარია პიროვნება და მისი შემოქმედება და მერე სხვა დანარჩენი მისი მოცემულობა. ჩემს შემთხვევაში ესეა, თუმცა მესმის, რომ ბევრ ხელოვნებათმცოდნეს აინტერესებს როგორია ქალის ხედვა და კაცის ხედვა. შემოქმედება ძალიან ფართოა - როგორც მუსიკოსზე ვერ იტყვი „მუსიკოსი ქალი“ ან „მუსიკოსი კაცი“ და როგორც ლიტერატურაში არ შეიძლება განსაზღვრო „პოეტი ქალი“ ან „პოეტი კაცი“ - ასევეა. აქ არის ერთი სფერო, აქ არის ხარისხი, ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფემინური თუ მასკულინური მოცემულობა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, თუმცა რადგან მე ქალი ვარ, ჩემი ნამუშევრები ქალის შემოქმედებაა, მათში ქალის ფსიქიკაა გადმოცემული. სქესის გამიჯვნა ცოტა ვიწრო ხედვად მიმაჩნია, უფრო ვიწრო შესაძლებლობებს აძლევს ამ ყველაფრის შეფასებას.
რა არის მთავარი ხელოვანი ადამიანითვის?
უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან კონტაქტი. თუ ადამიანი შემოქმედებით სფეროში მოღვაწეობს და უნდა, რომ იყოს გულწრფელი, მე ვფიქრობ რომ ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან ჰქონდეს მჭიდრო კონტაქტი, მაქსიმალურად გამოიყენოს ის დრო, სადაც შეუძლია კარგად განსაზღვროს და კარგად იმსჯელოს რისი კეთება უნდა შემოქმედების სახით. ხელოვანი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია აზროვნება, გარკვეული მსოფლმხედველობა, საკუთარი სამყარო და საკუთარ თავთან კონტაქტი.
რომელი ხელოვანი არის თქვენი შთაგონების წყარო და რატო?
მხატვრობაში კლასიკური სფეროდან ჰოლანდიელები მომწონს ძალიან. ერთ კონკრეტულზე ვერანაირად ვერ შევჯერდები, იმიტომ რომ ბევრ მხატვარში მომწონს გარკვეული საიდუმლოება, რომელიც ტექნიკურად აქვს მას. ველასკესი მომწონს, ვერმეერი მომწონს, რემბრანტი, პიკასო მომწონს - ყველასგან მაქვს შთაგონება. ალმა-ტადემა მომწონს ძალიან. თანამედროვე მხატვრებიდან ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებულია ფრენსის ბეიკონი. ძალიან დიდი შთაგონების და ინსპირაციის წყაროა, როდესაც არსებობს აი ესეთი ხელოვანი ადამიანები.
რა რჩევას მისცემდით ხელოვან ქალბატონებს, რომლებსაც სურთ შემოუერთდეს ხელოვნების სამყაროს?
გასაოცარი იქნება რაც უნდა გიპასუხო, მე 6 წელიწადია რაც ფსიქოლოგიის სფეროში ვმოღვაწეობ. ქალბატონებს, რომლებსაც გვინდა რომ შემოვუერთდეთ ამ სფეროს, ჩემი გულწრფელი რჩევა იქნებოდა ფსიქოლოგიის 10 სეანსი. :)
რა მოგწონს ყველაზე მეტად საკუთარ თავში?
ძალიან მიამიტი ვარ რაღაც საკითხებში და ძალიან მომწონს ეს ჩემი მიამიტობა.
რა არ მოგწონს?
არ მომწონს როცა ვაკრიტიკებ ან განვსჯი. არ მომწონს სიზარმაცე.
როგორი უნდა იყოს ადამიანი რომ მისით აღფრთოვანდე?
ყველაზე რთული კითხვა იყო „როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომ მისით ავღფრთოვანდე“ - არ ვიცი :)
სიზმარი რომელიც არასოდეს დაგავიწყდება?
იყო პერიოდი, როდესაც მქონდა ერთი სიზმარი, რომელიც არასდროს არ მავიწყდებოდა, მაგრამ ეხლა უკვე თითქოსდა დავიწყებაში გადადის. იყო ასეთი სიზმარი, მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე არ მაქვს.
რისი გეშინია ყველაზე მეტად?
ალბათ, არ მოვხვდე ისეთ სიტუაციაში, ისეთ გარემოცვაში და ისეთ მდგომარეობაში , რაც ჩემთვის იქნება გაუგებარი. შიში, როგორც ესეთი არ ფიგურირებს ამ მომენტში, როცა ეს კითხვა ჟღერს, მაგრამ რაღაც შიშები თავისთავად ყველა ადამიანს აქვს. ამ წუთას რომ დავფიქრდე, ალბათ ძალადობის შიში მაქვს, თუნდაც რომ არ დავინახო სხვა ადამიანის მიმართ ძალადობა - ძალიან არასასიამოვნოა ჩემთვის.
შენი ცხოვრება რომ ფილმი იყოპს რას დაარქმევდი?
ზაირას.
ყველაზე უხერხული მომენტი რომელიც ცხოვრებაში შეგხვდა?
ვერ ვიხსენებ კონკრეტულ უხერხულ მომენტს, თუმცა რაღაც-რაღაცეები ყოფილა, წამიერი ალბათ, ძალიან სწრაფად ტრანსფორმირდებოდა ეს უხერხულობა, ამიტომაც არ მახსენდება ესეთი კონკრეტულად „უხერხული“. ალბათ რაღაც ბავშვობაში, ბავშვურ გამოუცდელობაში იყო რაღაც, მაგრამ ეხლა ვერანაირად ვერ ვიხსენებ.
სამი ნივთი რომელიც არ გიყვარს?
არ მიყვარს ნივთები, რომლებიც ძალადობასთან არის დაკავშირებული.
1 მთავარი თვისება მამაკაცში რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია?
თანაგრძნობის უნარი თუ გააჩნია ადამიანს, მომწონს. არ აქვს მნიშვნელობა მამაკაცია თუ ქალი.
რა არის შენთვის თავისუფლება (ერთი სიტყვით)?
პასუხისმგებლობა.
რა არის სიყვარული?
სიყვარული ვერტიკალურია და ბრუნვადი :) ემოციური მდგომარეობა, სასიამოვნო ეიფორია.
ზაირა ნადირაშვილის ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე Behance - Zaira Nadirashvili
FB - ზაირა ნადირაშვილი
IG - Art.By.Zaira
ფოტოზე წარმოდგენილია ზაირა ნადირაშვილის ნახატი "განბანვა", 2018წ.